მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს პასუხობს - გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას
გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს, – ასე პასუხობს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებას, რომ „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ“.
მეუფე იაკობის განცხადებით, მეუფე პეტრეს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.
„მეუფე პეტრე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, ეს სხვა რამეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს. ჩვენთან აბსოლუტურად არ არის ავტორიტეტი. მე პირადად შეიძლება, რაღაც გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ, არავის არ ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ის რუსულ ინტერესზე მიუთითებს და ამბობს, რომ რუსეთს სურს, საქართველოს ეკლესია დააკნინოს.
„მე ვფიქრობ, ეს არის რუსების შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან… მე არც რუსეთი მაინტერესებს და არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით, ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგავს თუ არა მეუფე პეტრე სასულიერო პირის წოდებას, მეუფე იაკობი ამბობს, რომ თუ მოინდომა, გასაკეთებელს გააკეთებს.
„როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე ის, როგორც იქცევა. პირდაპირ გეუბნებით, მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, მაპატიეთ და, ის „გააპრავონ“. მე ვიქნები ის ადამიანი და ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ინტერვიუში.