მეუფე იაკობი - გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა, ეკლესიისგან მას მხარდაჭერა არ ექნება
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, გიორგი გახარიას შეცვლაზე საუბარი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა. იაკობის თქმით, ამის შემდეგ, გახარიამ მოვლენებს გაუსწრო, რის გამოც მის შეცვლაზე კვლავ იყო საუბარი და ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ გადაწყდებოდა მელიას საკითხი.
ამასთან, მეუფე იაკობის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოიხსენიებენ გახარიას, როგორც ივანიშვილის პროექტს.
„ბატონი გიორგი საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, შემდეგ თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა, რთულად ჰქონდა საქმე, იყო საუბარი, რომ ის უნდა შეეცვალათ. ახლაც იყო საუბარი, რომ უნდა შეეცვალათ, მელიას საკითხი როგორ იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან დაასწრო მოვლენებს, მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის წევრები, რომ აუცილებელი იყო მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა, ცოტა ხანში გამოდის და ამბობს, ამას რას აკეთებთო. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო. გააკეთა ისე, თითქოს რაღაც დიდი საქციელი ჩაიდინა. უბრალოდ, თავისებთან ცუდად გამოუვიდა, როგორც მე ვიცი, ჩემი ინფორმაციები რაც მაქვს, გადამოწმებულიც, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტიაო, მე როგორც ვიცი, არაა.
როდესაც გახარიამ კადრები წარადგინა, მაინტერესებდა, ვის წარადგენდა. ვინც არიან დასახელებული კადრები, დღესაც კი რომ უთხრან, იმათ დაუჯერებენ. ადეიშვილის კადრები არიან შიგნით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ანუ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნაწილი იყო იქ, რაზეც „ოცნების“ მხარდამჭერებს ჰქონდათ კითხვა, რა უნდა ამდენ „ნაციონალს“ მთავრობაშიაო. ესეიგი, აღმოჩნდა, ვის მიუყვანია, ბატონმა გიორგიმ შემოიკრიბა ეს ხალხი. თუმცა პარტიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ცუდ საქმეს აკეთებ, მაგრამ თუ გითხრა ადეიშვილმა, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და იმას გააკეთებ, მაშინ უკვე სხვანაირად მოიაზრება ხალხში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
რაც შეეხება კითხვას, „სააკაშვილის დირექტივებით შეიძლება, იმოქმედოს გახარიამ?“, – მეუფე იაკობის თქმით, მთლად ასე არ ფიქრობს.
„არა მგონია, მთლად სააკაშვილის დირექტივებით, მაგრამ „ნაციონალები“ ისე იქცევიან, თავიანთი საქმე ხალხის თვალში ძალიან ცუდად წაიყვანეს. მე ვფიქრობ, აქვთ ილუზია, ევროპული სასამართლო გაამართლებს მიშას და მიშა ჩამოვა აქ. არის საკითხები, არც ჩვენს სასამართლოს შეხედავს ქართველი ერი და არც ევროპულ სასამართლოს. მასე არ არის, სასამართლომ გვითხრას და ვიღაც ჩამოვიდეს, მანამდე ჩამოსულიყო. უბრალოდ, ივანიშვილმა აჯობა და ქვეყნიდან ისე გააქცია. მოვდივარ, მოვდივარ.. ვისაც გჯერათ, შეგიძლიათ, დაპატიჟოთ და ვიზა გაუგზავნოთ. ივნისში რაც მოხდა, გავრილოვის ამბავს რაც მოყვა, იმაზე უარესი იყო ჩემთვის პარლამენტში რომ არ შედიოდა ოპოზიცია და ქუჩაში იყვნენ მაშინ, როცა უკიდურესად დაძაბული იყო სიტუაცია ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
გარდა ამისა, მეუფე იაკობის შეფასებით, „გიორგი გახარიამ ეკლესიასთან ურთიერთობა საერთოდ გააფუჭა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაიქცა, როგორც გახარია იყო კრიზისმეიკერი და არა კრიზისმენეჯერი, რა საქმეც უნდა ავიღოთ. გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა. ეკლესიისგან მას აბსოლუტურად არ ექნება მხარდაჭერა. ნებისმიერი მმართველი პარტია 30 პროცენტზე ნაკლებს არ იღებს, კოალიცია მერეც შეიქმნება, ოპოზიცია რას შვება, როდესაც არ შედიოდნენ პარლამენტში და რუსებს შეიძლება დავეპყარით, დღეს რომ მოდიან და ახალ-ახალი კანონები შეაქვთ პარლამენტში, რისთვის შეაქვთ, ვის აგიჟებენ? აქ პოლიტიკური შეთანხმება და შერიგება თუ არ მოხდა, დაყავი და იბატონეს პრინციპი თუ არ მორჩა, არაფერს აზრი არ ექნება. თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმეს აინტერესებს შარლ მიშელი? შეცუნცცულება უნდოდათ პარლამენტში და შეცუნცულდნენ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.