მეუფე იაკობი - ალბათ ბევრმა იფიქრა, რომ ეკლესია დასუსტდა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას, ერის ღალატს არავის ვაპატიებ
საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდის ღირებულების საქონელი იქნება? – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მეუფე იაკობს მიაჩნია, რომ ეკონომიკა სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს.
მან მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით, კოლუმბიისა და ავღანეთის მაგალითები მოიყვანა და მის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ადამიანებზე ფიქრობდნენ თუ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ვხედავთ, ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, იმ სამკუთხედს, რა ხდება სირიაში, კოლუმბიაში. ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. სანამ მონასტერში წავიდოდი, გარეჯში ვიყავი უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოს მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს“? – განაცხადა მეუფემ კონფერენციაზე.
ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილშიც უნდა იყოს განხილული.
„მოდით, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შევხედოთ. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე. როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, ადამიანმა მერე შეიძლება რაღაცებზე იფიქრო. დღეს კი, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო, დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, საქართველო როგორმე უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით.
„ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.