მეუფე გრიგოლი - ერთმანეთს შენდობა უნდა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება, ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაშიც და პოლიტიკაშიც
ერთმანეთს შენდობა უნდა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება მთელ ერს. ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაში, პოლიტიკასა და ნებისმიერ სფეროში, – ასე უპასუხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.
მეუფე გრიგოლის განცხადებით, საქართველოში არეულობის მომხრე რუსეთია და საზოგადოების დაპირისპირებით მხოლოდ ის ნახულობს სარგებელს.
„ვფიქრობ, ყოველგვარ არეულობაში, რომელიც ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს ან მომხდარა, ყოველთვის არსებობდა დაინტერესებული მხარე და ეს დაინტერესებული მხარე იყო საქართველოს არაკეთილმოსურნე. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს დაგვიხუჭავს თვალი იმაზე, რომ ეს არაკეთილმოსურნე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, რომელიც დღემდე ვერ ეგუება და ეჭვი მეპარება, ხვალ და ზეგ შეეგუოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების გზას. ჩვენ უფრო უკეთ უნდა ვისწავლოთ ამ დამოუკიდებლობის გზაზე სიარული, რათა არ აღმოვჩნდეთ სხვადასხვა პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი ურთიერთდაპირისპირებით მხოლოდ მტერი ნახულობს სარგებელს და ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რაღაცებს გადავაბიჯოთ და ერთმანეთს შენდობა მივცეთ, რათა ის სასარგებლო თანხმობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჰაერივით გვჭირდება მთელ ერს. ეს თანხმობა საჭიროა ეკლესიაში, პოლიტიკასა და ნებისმიერ სფეროში ცხოვრებისა, რადგან თუ სხვადასხვა მხარეს გავწიეთ ჩვენი ურემი, ის არ წავა, ერთ ადგილზე იქნება გაჩერებული“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს სასტიკი და დაუვიწყარი უწოდა.
„ეკლესია ვერ გამოვა დასჯის. 20 ივნისს რაც მოხდა, ეს არის დაუვიწყარი. ძალიან ძნელია გულგრილად შეხედო იმ სისასტიკეს, რასაც ადგილი ჰქონდა. თითოეული ადამიანი, ვინც ეს ნახა, შეძრწუნებული იყო და თავისთავად ცხადია, ამას ჰყავს შემოქმედი, მაგრამ ყველაზე დიდი შემოქმედი ასეთ დროს არის მესამე ძალა და აქედან გამომდინარე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. იმედი მაქვს, გამოძიება იმუშავებს ამაზე. 20 ივნისის თემა იმ სახით გაქარწყლდა, რომ ადამიანებს სასოწარკვეთა დაეუფლათ, თუნდაც მისი დაკარგული თვალი, მისი დაღვრილი სისხლი იყო უაზრო და რა თქმა უნდა ამის განცდა ძალიან ძნელია ადამიანისთვის“, – განაცხადა მეუფემ.