მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს
მიხეილ სააკაშვილზე ისეთი დიამეტრულად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება, რომ ადამიანები დაბნეულებიც კი არიან და საანდოობის ხარისხი დაბალია. სულ არ მიკვირს, ვიღაცას სჯერა მისი ცუდად ყოფნა, ვიღაცას – არა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ კვირაში გეგმავს მიხეილ საკაშვილის მონახულებას.
„ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მომავალ კვირაში ვგეგმავ პატიმრების, მათ შორის ბატონი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და ალბათ, რეალურად, ყოველგვარი მონტაჟის გარშე ვნახავ ამ პიროვნებას და უფრო რეალური სურათი შეიქმნება ჩეთვის მისი მდგომარების შესახებ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, სრული მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებასაც გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, კადრები ნანახი მაქვს, თუმცა სრული ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კადრები ხშირად ისეთი ჯადოქრობის ქვეშ გადიან ხოლმე, რომ ათას რამეს გაჩვენებენ, ავსაც და კარგსაც. ყველა თავის მოქმედებაზეა პასუხისმგებელია და მთავარი სასამართლო არის მაღლა. აქაური სასამართლო, სამართლიანიც კი, პირობითია. ეს ადამიანების მიერ დაფუძნებული სამართალია და ამიტომ ხდება ხოლმე შეცდომაც, გადაცდომაც, გადამეტებაც, უსამართლობაც, სამართლიანობაც“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საკითხზეც ისაუბრა.
„იმ შემთხვევაში, თუ ის მოწამლული იქნებოდა, და მე ეს ზუსტად არ ვიცი, ასეთ ვითარებაში ძნელი არ იქნება ვარაუდი, საიდან შეიძლება, მოდიოდეს. ნაკლებად მჯერა, ეს ჩვენი ხელისუფლებიდან მოდიოდეს, მაგრამ საიდანაც შეიძლება მოდიოდეს, რა ვიცი, იმათთვის პრაქტიკულად შეუღწეველი ადგილი არ არსებობს. სულ არ არის გასაკვირი, ნებისმიერ ადგილას შეაღწიონ და მათთვის არასასურველი პერსონა მოსპონ, თუმცა ეს ვერ გახდება მოტივაცია იმისა, რომ ამის შიშით ადამიანმა არაფერი თქვას, არაფერი გააკეთოს, თავისი ქვეყნის ინტერესები არ დაიცვას“, – განაცხდა მეუფე გრიგოლმა.