მეუფე დანიელი - ღმერთმა დალოცოს ბიძინა ივანიშვილი, მომავალშიც შეაძლებინოს ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება
სამების ტაძარი არის სიმბოლო ჩვენი ერის უფალთან დაბრუნებისა, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ლოცვის დროს განაცხადა.
როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, სამების ტაძარის უწმინდესმა და უნეტარესმა უწოდა ქართველი ერის ავტოპორტრერი.
„ამ ტაძრით ჩვენ გამოვხადეთ სახე და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ღვთის ერი, ღვთის მადიდებელი ერი. ის ჟამი, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო ღვთის დიდება და იგმობოდა ჩვენს ქვეყანაში ღმერთი, ამის საწინააღმდეგოდ, ამის მონანიების ნიშნად, ახალი ეტაპის დაწყების ნიშნად, აშენდა ეს დიდებული ტაძარი. ეს იყო გარდატეხა იმ დიდ პროცესში, რომელსაც ჰქვია ერის სვლა ღვთისაკენ. ეს იყო დიდი გამარჯვება. 15 წლის წინ ამ ტაძრის კურთხევამ გახსნა ქართველი ერი, გაამთლიანა, კვლავ აღადგინა იგი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. თუ მანამდე იყო შინაგანი სისუსტე, მერყეობა, ამ ტაძარმა გაამთლიანა. როდესაც ჩამობრძანდა საქართველოში კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მას ჰკითხეს, როგორ მოგწონთ ამ ტაძარში, მან უპასუხა, რომ ტაძარი დიდებულია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ტაძრის აშენებით ქართველმა ერმა აღადგინა თავის სულიერი ტაძარი. დიახ, სამება ეს არის, შეიძლება ითქვას, მთავარი წერტილი, მთავარი საფეხური“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მისივე თქმით, სამების ტაძრის აშენებით ქართველი ერი დაუბრუნდა ერთობით დედა ეკლესიას.
„ბრძოლა გრძელდებოდა დღემდე და კიდევ არაერთი განსაცდელი გამოიარა ეკლესიამ, არაერთი გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ეკლესიამ. მადლობა უფალს ამ წყალობისთვის, მადლობა პატრიარქს ამ წყალობისთვის, რომელიც მიუხედავად ამდენი უმადურებისა, განსაცდელისა, სიყვარულით არის სავსე და ყველაზე მეტად ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა დედა ეკლესიის წიაღს და უპირისპირებდა დედა ეკლესიას. ჩვენ გვინდა მადლობა ვუთხრათ ქართველ ერს, გახსოვთ 1995 წელს დაიწყო ტაძრის ქვაბული, ეს არის აფხაზეთის ტრაგედიის შემდგომი პერიოდი, დიდი მატერიალური კრიზისი და მაშინ იწყება ტაძრის შენება. თავიდან ხალხს გაუკვირდა კიდევაც, რომ ნუთუ ახლა არის ამის დრო. სულიერადაც ადამიანები არ იყვნენ ამისთვის მზად. ძალიან რთული იყო, ყველა ცდილობდა რაღაც შეეწირა, მაგრამ არ იყო საკმარისი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ რთულ მომენტში, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო ერის სულიერი გამთლიანების სიმბოლო უნდა გამხდარიყო სამება და თუ ეს ტაძარი ვერ აშენდებოდა, ჩვენი ერის ერთობა სარწმუნოებაში ჯერ კიდევ არ იქნებოდა გაცნობიერებული, არ იქნებოდა რეალური ხელშესახები მოვლენა. ნამდვილად არ შეიძლება არ ვუთხრათ მადლობა პიროვნებას, რომელმაც ის ნაკლოვანება, რაც გააჩნდა მშენებლობას, შეავსო და დაასრულა, დააგვირგვინა ეს დიდი ისტორიული მოვლენა. ეს პიროვნება არის ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა დალოცოს იგი და შეაძლებინოს მომავალშიც ღვთისა და მამულის ერთგული მსახურება. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.