მეუფე ანდრია - იმედია, მომავალ წლებში ერთად მივალთ სოფელ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს
იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის სამების ეკლესიაში პარაკლისის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მოვდიოდით ქალებთან და ბავშვებთან ერთად სასულიერო პირები და რა უნდა ჩაითვალოს პროვოცირებად, ჩემთვის უცნაურია. იმედი გვაქვს, მომავალ წლებში ყველანი ერთად მივალთ აძვისთავის ტაძარში და აქაურებიც და იქაურებიც ერთად ვიზეიმებთ გიორგობის დღესასწაულს“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დაუშვებენ რელიგიური ღონისძიებების ჩატარებას და „საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა იქნება აღკვეთილი“.
საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილებისა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ე.წ. საზღვართან კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ატენისა და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ სოფელ აძვისთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება წელს არ ჩატარდა. სოფელ აძვისთავის ნაცვლად, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა პარაკლისი სოფელ აძვში მდებარე სამების ტაძარში ჩაატარა.