მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აღარ დაიკეტება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში აღარ დაიკეტება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული სადგურის დროებით დაკეტვის გარეშე განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა მეტრო.

„ყველას გახსოვთ, რა ვითარება გვქონდა ამ მიმართულებით წლების წინ, და 2017 წელს, როდესაც მოვედით დედაქალაქის მთავრობაში, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენეული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს რეფორმა, ამ მიმართულების გაჯანსაღება, გაუმჯობესება, რა უნდა გაგვეკეთებინა, რა გაკეთდა დღემდე და რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, სიახლეზე მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გახლავთ მეტრო, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მეტროს მოწესრიგება, რეაბილიტაცია, გაჯანსაღება და ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. მინდა, გულწრფრელად გითხრათ, რომ პრობლემები უამრავია, იმავე ვაგონების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სადგურები. კაბელ-არხებსა და სიგნალიზაციის სისტემას რაც შეეხება, იცით, რომ მთლიანად შევცვალეთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველანაირად დაცულები ვყოფილიყავით, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ელექტროგაყვანილობას ცეცხლი ეკიდებოდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია გაჭიანურდა.

„დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სიმართლე ვთქვათ, გაჭიანურდა. ჯერ იყო გამარჯვებული კომპანია „მამისონი“, რომელმაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ და არ შეასრულა, შესაბამისად, მოგვიწია აღნიშნული კომპანიის გაშვება. დღეს ამ სამუშაოებს ახორციელებს „ბადა კონსტრაქშენი“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით დაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და, გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტზე საუბრისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში უკვე დაწყებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.

მისი თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი. სადგურის ბაქანზე განხორციელდა აზბესტის ჭერის დემონტაჟი სრულად; მიმდინარეობს ბაქნის ქვედა სამეურნეო სივრცეების სარემონტო სამუშაოები; განხორციელდა ბაქნის სივრცის დეტალური სკანირება, რაც აუცილებელია ჭერის მოპირკეთების პროექტის საბოლოო დაზუსტებისთვის.

„უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია: ესკალატორის დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის დემონტაჟი; ბაქნის იატაკზე არსებული ფილების დემონტაჟი, მოჭიმვის მოწყობა და პროექტით გათვალისწინებული ფილების მონტაჟი. როგორც გითხარით, სამუშაოები არ საჭიროებს მეტროსადგურის დახურვას და ის ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს. გარკვეულ არეალებში იქნება შეზღუდვები, როდესაც უშუალოდ ბაქნის მოპირკეთების სამუშაოები წარიმართება. ამაზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.