მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა, რომლის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზა გაიარა პროექტმა, რაც მომავალში ნებისმიერი სახის ინციდენტს გამორიცხავს.
„2018 წელს ჩამოიშალა ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი. მართალია, მისი მუშაობა გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად, საკითხის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყეთ და რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ. კერძოდ, ექსპერტიზა ჩაუტარდა არსებულ კონსტრუქციებს, რათა შეგვესწავლა მისი უსაფრთხოება და მომავალში გამოგვერიცხა მსგავსი ინციდენტი. პროექტს ჩაუტარდა შემდგომი ექსპერტიზები: ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების“ შესახებ დადგენილებასთან შესაბამისობის ექსპერტიზა (41-ე დადგენილება); კონსტრუქციული ექსპერტიზა; თაღოვანი ჭერის კონსტრუქციული ექსპერტიზა; მოპ-ის შეფასება; ელექტროობის ექსპერტიზა; ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა; საინჟინრო ნაწილის (ელექტროობა, წყალკანალიზაციია, სუსტი დენები, ვენტილაცია, გათბობის და სხვა) ექსპერტიზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტი შვიდ მილიონ ლარს შეადგენს.
„სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნისა და ესკალატორების გვირაბის აზბესტის ჭერის დემონტაჟს. ასევე, თანამედროვე მასალებით ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების, ბალუსტრადების განახლებას. პროექტის ფარგლებში, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემა მოეწყობა, ბაქნის იატაკი შეიცვლება, ტაქტილური ფილები დაიგება, ასევე, სადგურის სამეურნეო ოთახები მოეწყობა. იმედია, მალე გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.