მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ „პრაიდის“ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ
მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან და აცხადებენ, რომ „პრაიდის“ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ მოქალაქეები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, „პრაიდის“ ფესტივალის ჩატარებას აპროტესტებენ.

მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ.

„ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია. ჩვენი საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მთელი მსოფლიო ამაყობს საქართველოთი და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ, რომ დავრჩეთ ასეთ საამაყო ქვეყნად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება და მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ამასთან, 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოუწოდებენ კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.