მეტრო „რუსთაველთან“ ელმატარებლების მემანქანეების აქცია დასრულდა. მეტროს მემანქანეების განცხადებით, ისინი სასამართლოს განჩინების მიუხედავად სავარაუდოდ 4 ივნისიდან მაინც გაიფიცებიან.
მემანქანეების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მათ განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ, უსამართლოა და მათ ძირითად უფლებას – თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომ, მემანქანეების განცხადებით, ისინი მხოლოდ სასამართლოს პირველ გადაწყვეტილებას გაფიცვის უფლების 30 დღით შეზღუდვას დაემორჩილებიან და ამ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მაინც გაიფიცებიან.
ამასთან, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დაუჭირეს მხარი. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
მემანქანეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებას აპროტესტებენ, რომლითაც სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების სამი ლარით მომატებაა.