მეტრო „რუსთაველთან“ ელმატარებლების მემანქანეების აქცია მიმდინარეობს
მეტრო „რუსთაველთან“ ელმატარებლების მემანქანეების აქცია მიმდინარეობს

მეტრო „რუსთაველთან“ ელმატარებლების მემანქანეების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იმ განჩინებას აპროტესტებენ, რომლითაც სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ.

მემანქანეებთან ერთად აქციაზე იმყოფებიან მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც. ასევე აქციას შეუერთდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია,. მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „მოძრაობა თეთრი ხმაური“, „აუდიტორია 115“ და ა.შ.

მეტრო „რუსთაველთან“ შეკრებილები საქალაქო სასამართლოს განჩინებას უკანონოს და ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ. ამასთან, არასამთავრობო სექტორის ნაწილი განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.

რაც შეეხება მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას, ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 3 ივნისის შემდეგ გაიფიცებიან.

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების სამი ლარით მომატებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

დღეს კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მოუწოდა სახელმწიფოს, კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ დასაქმებულებს გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება მიეცეთ, როგორც ამას შრომის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.