მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მილერს აღნიშნულ საკითხზე კითხვა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს. ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის ამის ახსნას და ისინი მიიღებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, განიხილავენ თუ არა სანქციებს ან რაიმე ზომების მიღებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიმართ, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ ის სანქციების შესახებ განცხადებას არ გააკეთებს.
„არ გავაკეთებ რამე განცხადებას სანქციებზე, იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გავაკეთოთ ან რას განვიხილავთ. ასეთი პრაქტიკა გვაქვს აქ“, – დასძინა მილერმა.