მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერს პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა რუსა შელიამ დაუსვა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კანონპროექტია და მის შედეგებზე დამატებით საუბარს არ აპირებს.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რადგან ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ, რადგან ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. იმის გამო, რომ ეს ჯერჯერობით კანონპროექტია, მე დღეს არ ვაპირებ იმ შედეგებზე საუბარს, რა შედეგიც იქნება კანონის მიღების შემთხვევაში“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ჟურნალისტმა რუსა შელიამ მილერს ასევე დაუსვა კითხვა: „გასულ კვირას თქვენ მოუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, ჩაატარონ დამატებითი გამოძიება აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთხი მოსამართლის მიმართ. გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია ამ თემაზე ქართველ ოფიციალურ პირებთან? ჩვენ ვხედავთ, რომ, გამოძიების ნაცვლად, ქართველი ოფიციალური პირები სანქციების მოხსნას ითხოვენ“.
მეთიუ მილერის თქმით, მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.
„სანქციებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, ვაწესებთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ასევე, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხელყოფისთვის. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მილერმა.