მეთიუ მილერი - პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი
პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას.
„ვინ დგას ამ თავდასხმის უკან? მე არც კი ვიცი, ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ, რა იციან და რა არ იციან. რამდენადაც მე მესმის, ისინი გამოაქვეყნებენ, რაც გახდება ცნობილი გამოძიების მიმდინარეობისას. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე. ვფიქრობ, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.