მეთიუ მილერი - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი აყენებს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ, რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, აშშ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ამავე მონაცემების მიხედვით, „ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს“.
„ეს სიცრუეა და ეს სრულიად ნათელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩვენს ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია. მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მილერმა.