მეთიუ მილერი - ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე
ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს მიერ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მილერის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.
„თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე.
თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან ამ ურთიერთობების გადახედვა ახლაც გრძელდება.
ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკუსვლას იწყებს დემოკრატიული ზომებისკენ ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისკენ, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, იმ რეალური შემთხვევებისთვისაც, როდესაც ქვეყნები ამ კურსს არ ცვლიან“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
ამასთან, ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ მეთიუ მილერს ასევე ჰკითხა: „თქვენ დაასახელეთ (სანქცირებული) პროკურორების სახელები და გვარები შარშან.. შეიძლება, განიხილავდეთ სტრატეგიის შეცვლას სახელებისა და გვარების დასახელებასთან დაკავშირებით? უნდა ველოდოთ სანქციების მეორე ტრანშს?“
როგორც მილერმა განაცხადა, მათ კანონით არ აქვთ უფლება, დაასახელონ იმ ადამიანების სახელები, რომლებზეც დაწესებულია სავიზო შეზღუდვა.
„სახელების დასახელება ჩვენ მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვებიდან? ეს არ არის სტრატეგიის საკითხი. ეს კანონის საკითხია. ჩვენ კანონით არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ იმ ადამიანების სახელები, რომლებზეც დაწესებულია ეს შეზღუდვა. ჩვენ მიერ დაწესებული ბოლო შეზღუდვები იყო სავიზო შეზღუდვები და, შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ ის ადამიანები, ვისზეც ვაწესებთ ამ შეზღუდვებს.
როგორც ყოველთვის, მე არ შემიძლია, რაიმე განცხადების გაკეთება ამ ზომების მიღებამდე. ჩვენ გამოვაცხადეთ მისი ვინაობა, რადგან ის პიროვნება იყო სანქცირებული სხვა კანონით. ის სანქცირებული იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის ან, თუ არ ვცდები, არსებითად, დეპარტამენტის აქტის მიხედვით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავასახელოთ პიროვნებები. მაგრამ როცა სანქციებს ვუწესებთ ადამიანებს, როდესაც ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს იმ უფლებამოსილების შესაბამისად, რომლებიც ჩვენთვის არის მინიჭებული იმიგრაციისა და ეროვნების აქტით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს სახელები კონფიდენციალური იყოს. ასე რომ, ეს დამოკიდებულია ამაზე. სხვადასხვა ორგანოზეა ლაპარაკი და სხვადასხვა კანონით მოქმედებენ. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით სავიზო შეზღუდვებს, რომლებიც იმიგრაციისა და ეროვნების აქტის მიხედვით არის დაწესებული“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.