მეთიუ მილერი - ნაბიჯები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია
ნაბიჯები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეარჩიეს პირები, რომელთაც სანქციები შეეხო, მილერმა აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს კონკრეტულ გვარებს.
„მე ვერ დაგისახელებთ სპეციფიკურ სახელებს. ვიზების ჩანაწერები კონფიდენციალურია. მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ისინი შევარჩიეთ იმ ადამიანებისგან, ვისი ქმედებებიც მიმართული იყო დეზინფორმაციის გავრცელებისკენ, ვისი ქმედებებიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს და აშინებდა სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ჩვენს სერიოზულ ქმედებებს შორის. აქვე ვიტყვი, რომ ის ნაბიჯები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ ძირეულ გადახედვას ვახდენთ ჩვენი ურთიერთობისა საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
კითხვაზე, ხომ არ არის სანქცირებულ პირებს შორის პარლამენტის სპიკერი, რომელმაც ხელი მოაწერა კანონს, მილერმა აღნიშნა: „უკვე ვთქვი, რომ სპეციფიკური სახელების დასახლებას მიკრძალავს კანონი“.
კითხვაზე, სანქციები რამდენი პაკეტია მოსალოდნელი, მილერმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის, თუმცა აშშ მზადაა, დამატებითი სანქციების დასაწესებლად.
„ამას ვერ გეტყვით. თუმცა, გეტყვით, რომ მზად ვართ დამატებითი სანქციების დასაწესებლად და სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ საჭიროებისამებრ“, – აღნიშნა მილერმა.
კითხვაზე, რა გზავნილს ემსახურება სანქციების პაკეტებად დაყოფა, მილერმა აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის“ და აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო.
„როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია, რომელსაც მისდევს. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, რომელიც მათ მიიღეს. ეს ასევე ეხება დემონსტრანტების დარბევას. ასევე, იმ განცხადებებს, რომლებიც ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც ისინი უარყოფენ გეზს, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იდგა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის. ჩვენი პოლიტიკა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო“, – განაცხადა მილერმა.