მეთიუ მილერი - მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა
მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, როდესაც აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს უპასუხა.
ჟურნალისტმა რუსა შელიამ მილერს კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადების შესახებ, რომელშიც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე“. ჟურნალისტის კითხვა ასევე ეხებოდა ირაკლი კობახიძის აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის თანახმადაც, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სანქციების გადაწყვეტილებით „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა“.
„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.