მეთიუ მილერი - მოვუწოდებთ ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო სამიტში, ვფიქრობთ, წინა სამიტების მსგავსად, ამ სამიტშიც სასარგებლო იქნებოდა მათი მონაწილეობა
აშშ მოუწოდებს ჩინეთს, დაესწროს სამშვიდობო სამიტს, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერს ჰკითხეს, როგორი იყო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას სამიტში.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩინეთს, მონაწილეობა მიიღოს ამ სამიტში. მათ მონაწილეობა მიიღეს წინა სამიტებში. ვფიქრობთ, რომ მათი ყოფნა სასარგებლო იყო და ვფიქრობთ, მათი ყოფნა აქაც სასარგებლო იქნებოდა“, – აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინმა უნდა გაზარდოს ზეწოლა კომპანიებზე, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ეხმარებიან რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, რაც, მისი თქმით, „კიდევ უფრო მომგებიანი“ იქნება.
შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტი არ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელსაც პეკინი აყენებს მსგავსი ღონისძიებებისთვის, რის გამოც „საეჭვოა“, რომ მას დაესწროს მათი ქვეყნის წარმომადგენელი.