მეთიუ მილერი - მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ, უკრაინის ხანგრძლივი ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, კონგრესის მიერ მიღებული ბიუჯეტი არ ითვალისწინებს საჭირო მხარდაჭერას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა კონგრესი იმის გამო, რომ მათ მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები.
„მინდა, მეც გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ, უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, რომელიც იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ ითვალისწინებს საჭირო მხარდაჭერას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მილერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს პერსპექტივაში, მათ უკვე ამოწურეს უსაფრთხოების დახმარებისთვის არსებული დაფინანსების უმეტესი წილი.
„პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმებს თუ მივცემთ საშუალებას, გააკეთონ ის, რაც სურთ სხვა სუვერენულ ქვეყნებში, მაშინ გაერო-ს მთელი წესდება განადგურდება. ჩვენ არ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც ამგვარი აგრესია შეიძლება მოხდეს სადმე, ნებისმიერ დროს“, – დასძინა მილერმა.
გასულ შაბათს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დროებითი, 45-დღიანი ბიუჯეტი, რათა თავიდან აეცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. შათდაუნი. დროებით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარების ხარჯები. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ დაუშვან უკრაინისთვის დახმარების შეფერხება და იმუშაონ წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად.