მეთიუ მილერი - კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციას, ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და საფრთხეში აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
„საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გაუქმებას ანტიდემოკრატიულ უცხოური გავლენის კანონპროექტზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც კანონპროექტი კანონად აქცია. შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, რომლებიც კვირების განმავლობაში ქუჩაში გამოდიან აღნიშნული კანონის წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება და საქართველოს უახლოესი პარტნიორების შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რომ კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას, ასევე, საფრთხეში აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
გასულ კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, შესაძლოა, არ მიეცეთ აშშ-ის ვიზების აღების უფლება, ახლად გამოცხადებული პოლიტიკის მიხედვით, რომელიც გამორიცხავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. როგორც მდივანმა ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას.
შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინსვლისთვის დასავლური მიმართულებით, რომელიც მის ხალხს სურს“, – აცხადებს მეთიუ მილერი.
მეთიუ მილერმა აქვე შშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება მოიყვანა, რომელშიც ენტონი ბლინკენი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვაზე საუბრობს.
„ჩვენ შემდგომ მითითებებს როცა ვახორციელებთ, ეს მითითებები არ არის საჯარო. ასე რომ, თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, ვის წინააღმდეგ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს, რადგან ეს კონფიდენციალურია ფედერალური კანონით, მაგრამ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომლის შესახებაც ჩვენ ხუთშაბათს განვაცხადეთ, არაა ერთადერთი, რაზეც მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება, შეიცვალოს საქართველოს ქმედებების შედეგად. როგორც მდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას. ჩვენ საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის დახმარებას ვუწევთ ისეთი საკითხებისთვის, როგორებიცაა სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის გადაფასება, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს შეერთებულ შტატები და სხვა დასავლელ პარტნიორები განიხილოს არა როგორც პარტნიორები, არამედ მოწინააღმდეგეები“, – განაცხადა მილერმა.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.