მეთიუ მილერი - „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის
ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეუძლია, აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ (FARA) და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს, მილერმა აღნიშნა, რომ განსხვავება კანონების შინაარსშია.
„განსხვავება არის ამ კანონების შინაარსში. როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ან მათ, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოსა და სამოქალაქო საქმიანობას ასრულებენ. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულში მინახავს. როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ ტექსტს და ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს“, – აღნიშნა მილერმა.