მეთიუ მილერი - ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად ვაცხადებთ, როდესაც საქმე საქართველოსთან ურთიერთობას ეხება, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება
ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკანდახევას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ევროკავშირის მიერ დაფინანსების გაყინვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს, და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები“, – აღნიშნა მილერმა.
რაც შეეხება საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობების შესახებ დასმულ კითხვას, მილერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში საქართველოსთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის ჩახშობას. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ეს. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღებას გამოიყენებენ ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არის საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი, რომლის შეცვლისკენაც მოვუწოდებთ“, – განაცხადა მილერმა.