მეთიუ მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ
მეთიუ მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ

ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველის მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო გამოძიებაზე. პარალელურად, ქვეყანაში დემონსტრაციებია. ოპოზიციამ განაცხადა, რომ უწყვეტი პროტესტი ექნებათ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მათ ამერიკისა და დასავლეთისადმი აქვთ, არის ის, რომ ახსენოთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგახართ და მხარს უჭერთ მათ“.

მილერმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ეს მკაფიოდ აჩვენეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ეს მკაფიოდ ვაჩვენეთ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ამბიციას, გახდნენ ევროკავშირის წევრი და მათ შემდგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ პარტნიორებთან. როგორც იცით, ჩვენ გადახედვის პროცესში გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარება და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ გადადგეს. ჩვენ განვაგრძობთ იმის შეფასებას, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომების მიღება და თუ ასე იქნება, არ მოვერიდებით მის გამოყენებას“, – განაცხადა მილერმა.