მეთიუ მილერი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას თავდაცვაზე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე
მეთიუ მილერი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას თავდაცვაზე, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე

არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომის პაპის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვისა და მოლაპარაკებების დაწყების გამბედაობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას თავდაცვის შესახებ.

„უდავოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას თავდაცვაზე. ჩვენ ვამბობთ ისევ და ისევ – არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, აშშ ასევე მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულას“.

„მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტოს აგრესია, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და დათანხმდეს მოლაპარაკებებს. მას კი ამ დროისთვის ამის გაკეთება არ უნდა“, – განაცხადა მილერმა.

რომის პაპის ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღნიშნულ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“.