ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება დროებითი მთავრობის იდეას ბანგლადეშში, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
შეერთებული შტატები მოწოდებით გამოდის, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების პროცესი უნდა იყოს დემოკრატიული და ინკლუზიური.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. შეერთებული შტატები დგას ბანგლადეშის ხალხის გვერდით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ შემდგომი ძალადობისგან. მივესალმებით დროებითი მთავრობის გამოცხადებას და მოგიწოდებთ, რომ ნებისმიერ გარდამავალი პერიოდი წარიმართოს ბანგლადეშის კანონების შესაბამისად“, – განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.
4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია.
ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან გრძელდება. დემონსტრანტები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ივლისის შემდეგ ბანგლადეშში, სულ მცირე, 290 ადამიანი დაიღუპა არეულობის შედეგად.