მეთიუ მილერი - აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა, ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ
აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა, ამიტომ დავუკავშირდით დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად“, – განაცხადა მილერმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, დღევანდელ რეისზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის ამერიკის მოქალაქეები იყვნენ. რეისი ბეირუთიდან სტამბოლში გაფრინდა.
„ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, დაახლოებით 7 000 ადამიანი დაუკავშირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია ჩარტერული რეისების შესახებ.
„ვვარაუდობ, რომ ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ მოისურვებს ლიბანის დატოვებას, ზოგი კი დარჩენას გადაწყვეტს. მათი გეგმები დროთა განმავლობაში შეიძლება, შეიცვალოს“, – აღნიშნა სპიკერმა.