აშშ ისრაელის რაფაჰში შეჭრას მხარს არ უჭერს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ იქამდე არ დაუჭერს მხარს რაფაჰზე თავდასხმას, ვიდრე ისრაელი არ წარმოადგენს გეგმას თავშესაფარში მყოფი მილიონი პალესტინელის დასაცავად.
„მსგავსი თავდასხმა დრამატულად გაზრდის პალესტინელი ხალხის ტანჯვას“, – ამბობს მილერი.
მისი თქმით, ეს ასევე გაზრდის მშვიდობიანი მოსახლეობის დაკარგვის რიცხვს და შეაფერხებს ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობას, რაც დიდწილად იმ ტერიტორიებიდან შედის, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს აქვს სამიზნედ.
სპიკერის თქმით, შიდა მიწოდების ხაზები ჯერ არ არის იმ ადგილებში, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ რაფაჰიდან გადაადგილდნენ და ომის შუაგულში ამ მექანიზმის შექმნა რთული იქნება.
როგორც ირკვევა, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ალ შუკასა და ალ სალამიში გამოცხადებული ევაკუაცია 100 000 პალესტინელს ეხება.
„პრობლემა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ხალხისთვის ღაზაში წასასვლელი გზები არის ლიმიტირებული და არ არსებობს ეფექტური გზა, რომ ჰქონდეთ საცხოვრებელზე, სანიტარიულ სერვისებზე წვდომა იმ ადგილებში, სადაც ისინი წავლენ“, – ამბობს მილერი.
„ჰამასის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ დათანხმდნენ სამშვიდობო ზავის პირობებს, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს. ამასთან, ისრაელელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც „ჰამასი“ დათანხმდა, არ არის ისრაელის მხრიდან მხარდაჭერილი.