მეთიუ მილერი - აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს მიმდინარე ოკუპაციით
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.