მეთიუ მილერი - აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში ნათელი იყო, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და ის აგრძელებს უკანონო ოკუპაციას
ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტმა მილერს სთხოვა შეფასება და იმის აღნიშვნა, რომ „აგვისტოს ომი არ იყო საქართველოს მხრიდან პროვოცირებული“.
„ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში ნათელი იყო ის, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რასაც ისინი ცდილობენ, გადადგან ტერიტორიების მისაკუთრებისთვის, სავსებით გაუმართლებელია“, – აღნიშნა მილერმა.
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ, ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა.