მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა
ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა შეფასებით, არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო, ასევე, კარგია, რომ საარჩევნო ცვლილებები დაინერგა.
„არჩევნების შესახებ სხვადასხვა – ეუთო-ს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სხვადასხვა ევროპელი დამკვირვებლის შეფასება წავიკითხე. დასკვნა იყო ის, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად, თავისუფალი იყო, თუმცა ასევე, შეშფოთება შეეხებოდა კანონდარღვევებს, როგორიცაა დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ის უსამართლობა, რომ ერთ პარტიას აქვს დიდძალი რაოდენობის თანხა. ასე რომ, ნათელია, სისტემას კვლავ სჭირდება გაუმჯობესება. სხვათა შორის, მათგან, რაც ვახსენე, ზოგიერთი მათგანი, ასე ვთქვათ, ბევრი წლის განმავლობაში, საარჩევნო პროცესში უკვე საქართველოს ტრადიციების ნაწილია და დრო სჭირდება, რომ ისინი შეიცვალოს – რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალოს და პროცესისგან გამორიცხული იყოს. კარგი სიახლე ის არის, რომ საარჩევნო ცვლილებები მოხდა და დაინერგა, ახლა უფრო მეტი რეფორმაა საჭირო. ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რომ უფრო მეტი სერიოზული დარღვევა არ იყოს, რომელიც შედეგების ვალიდურობას ეჭვქვეშ დააყენებს“, – აღნიშნა ბრაიზამ.
მანვე უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას ოპოზიციური პარტიების პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ მათი ლიდერების ადგილას პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა.
„როგორც ვნახე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კანონდარღვევები იმდენად სერიოზული იყო, რომ არჩევნები თაღლითურად ჩატარდა. ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ ზოგადად, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, არჩევნები კონკურენტული და საერთო ჯამში, თავისუფალი იყო. ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა. ეს ქართულ პოლიტიკასა და დემოკრატიას უფრო კონკურენტულს გახდის, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს მთლიანი ქვეყნის წინაშე, თუ პარლამენტში ასეთი ცვლილება მოხდება. ასევე, ვგულისხმობ, მე რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მქონდეს, რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებდი, რადგან სწორედ ესაა დემოკრატია. მესმის პროტესტი და იმის თქმა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დემოკრატიაში როდესაც პარტიაზეა საუბარი, პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის წინაშე, რომ მათთვის პარლამენტში იბრძოლო. ასე რომ, მე ვიგრძნობდი პარლამენტში შესვლისა და ჩემი ამომრჩევლების ინტერესების გატარების პასუხისმგებლობას. თუმცა მესმის, საქართველო განვითარებადი დემოკრატიული სისტემაა და ყველა ლიდერს შეუძლია, გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააჟღეროს თავისი პროტესტი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.