მეტეოროლოგების ცნობით, ტაიფუნი „ჰაგიბისი“ კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება
იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.
ტაიფუნი იაპონიის აღმოსავლეთ რაიონებს, მათ შორის ტოკიოს 12 ოქტომბერს დაატყდა თავს.
დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ცენტრალური იაპონიის ქალაქი ნაგანო დააზარალა, სადაც მდინარე ჩიკუმას ნაპირსამაგრები ჩამოინგრა, რის შედეგადაც ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში წყლის დონე 5 მეტრს აღემატება.
ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი.
მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ტაიფუნმა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვისკენ აიღო გეზი და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.
„ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.