მეტე ფრედერიქსენი - ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, თუ რუსეთი მოიგებს, ყველა ჩვენგანი განიცდის მარცხს
დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინამ ომში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.
ამის შესახებ მან პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ომში უკრაინის გამარჯვების ალტერნატივა არ არსებობს, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ყველა ჩვენგანი განიცდის დამარცხებას“, – აღნიშნა ფრედერიქსენმა.
როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირში ამ საკითხზე თითქმის ერთსულოვანი თანხმობა არსებობს.
„ევროპა არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც ახლა. ზოგჯერ შიდა დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ საუბარი არაა იმაზე, რომ 12 ქვეყანა ერთ ვარიანტს ემხრობოდეს, ხოლო 15 – მეორეს. საუბარია 26 ქვეყანაზე ერთის წინააღმდეგ, ანუ ერთი ქვეყანა მთელი ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ევროკავშირის შიგნით რომელ ქვეყანას გულისხმობს.
ამასთან, მეტე ფრედერიქსენმა მოუწოდა მათ, ვინც „სათანადოდ არ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას, გააცნობიერონ, რამდენად სახიფათოა სიტუაცია“.