მესტიის საკარანტინო სივრცეში ორი ტურისტი იმყოფება, თვითიზოლაციაშია ექვსი ადამიანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.
სახელმწიფო რწმუნებული მესტიაში, თავის მოადგილე ნინო ვიბლიანთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და სამუშაო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე მოწერელია მესტიის საკარანტინო ზონაში არსებული ვითარებით დაინტერესდა. მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს, სადაც ამჟამად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი, ექვსი ადამიანი იმყოფება.
შეხვედრაში მესტიის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.