მესტიის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება გრძელდება. ამ ეტაპზე, ამანათებს ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხანდაზმულებს ურიგებს.
„საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ პანდემიის პირობებში მაქსიმალურად შეუმსუბუქოს პირობები მოსახლეობას. დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულ ადამიანებს მივაწოდეთ წითელ ჯვართან და მერიასთან ერთად, მთავრობის მონაწილეობით როგორც ფქვილი, ასევე ზეთი, ასევე სხვადასხვა პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად წაადგება მათ. მეორე მხრივ, ამას აქვს სხვა დანიშნულება – ეს არის მხარდაჭერა, როცა ხელისუფლება მიდის უშუალოდ, ნახულობს და ა.შ. და ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ნობათის დარიგების მეორე ეტაპი უკვე დაიწყო.
„დავიწყეთ უკვე მეორე ეტაპი. ესენი არიან ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 383 ადამიანი გვყავს. ეს არის ერთი ტომარა 25 კგ-იანი ფქვილი, ასევე წითელი ჯვრის მოტანილი ნობათი – სასურსათო და ჰიგიენური საშუალებები“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.