მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა, ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მესტია ტურისტების მისაღებად ემზადება.
„მესტიაში დღეს დილიდან ყველა შეზღუდვა მოხსნილია, რადგან ტესტების პასუხები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ყველა უარყოფითია. შესაბამისად, ყველა შეზღუდვა, რაც მესტია-ლენჯერს ეხებოდა, მოხსნილია. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა დღეიდან უკვე აღდგა. ასევე აღდგება ფრენებიც. სასტუმრო ბანგურიანიდან გავა ხალხი დღეს და კარანტინში აღარავინ დარჩება. ვემზადებით, რომ სტუმრები მივიღოთ და გაიხსნას ტურისტული სეზონი. ეპიდემიოლოგები ისევ აგრძელებენ მუშაობას. კიდევ ერთი, ბიზნესოპერატორები მოვიდნენ ჩვენთან და შუამდგომლობა გვთხოვეს პრემიერთან და ბანკებთან. მე თავად მიმაქვს ეს წერილები. ისინი ითხოვენ სესხების პროცენტის გადავადებას. ამას სჭირდება მთავრობის დადგენილება. გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს ამოქმედდა.