მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს
მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს

მესტიის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებისა და მოსახლეობის „პისიარ“ ტესტირება გრძელდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დღეს მუნიციპალიტეტს ეპიდემიოლოგთა კიდევ ექვსი ჯგუფი დაემატა, შესაბამისად, ანალიზების ასაღებად 12 ჯგუფი იმუშავებს.

პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შსს-ს საპატრულო ეკიპაჟები აგრძელებენ პატრულირებას.

პოლიციელები ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს აწვდიან ინფორმაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით. იმ მოქალაქეებს კი, ვისაც მესტიის მუნიციპალიტეტის დატოვება სურთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ საკარანტინო სივრცეებში გადაყვანას.

ცოტა ხნის წინ, სპეციალური შეხვედრა გაიმართა მესტიის მერიაში, რომელიც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა და მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა ეპიდემიოლოგებთან გამართეს.

უწყებები კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.