მესტიის მერია - რაც დღეს „მთავარმა არხმა“ იკადრა, არის შეურაცხყოფა ამ კუთხის და თითოეული ადამიანის, ვინც ჩვენთან ტურისტული მიზნით ჩამოვიდა
მესტიის მერია - რაც დღეს „მთავარმა არხმა“ იკადრა, არის შეურაცხყოფა ამ კუთხის და თითოეული ადამიანის, ვინც ჩვენთან ტურისტული მიზნით ჩამოვიდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროდუქტების მიწოდება ლენჯერის თემში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მესტიის მერის განცხადებას აქვეყნებს და „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„მოსახლეობის საყურადღებოდ! ვფიქრობთ, რომ ის რაც დღეს „მთავარმა არხმა“ იკადრა, არის შეურაცხყოფა სვანების, ამ კუთხის და თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენთან ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ფეიკნიუსების ქარხანა არ ჩერდება.

დღეს მიმდინარეობს ლენჯერის თემის ყველა ოჯახისთვის პროდუქტის მიწოდება, თითოეულ ადამიანთან კონტაქტზე ვართ ინდივიდუალურად, წარმომადგენლების მეშვეობით და ყველას საჭიროებას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ.

პარალელურ რეალობაში გვარამია უყვება ხალხს, თითქოს აქ კრიზისია და გამოსვლები იწყება. ისევ კორონას მხარეს დგას, რაც უტყუარი ნიშანია, რომ მარცხისთვის განწირულია“, – აღნიშნულია მესტიის მერიის განცხადებაში.