მესტიის მოსახლეობამ ე.წ. მაინერების ამოღების მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართა
მესტიის მოსახლეობამ ე.წ. მაინერების ამოღების მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გამართა. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მესტიაში ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა პრობლემები მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ხშირია ძაბვის ვარდნა, რამაც მათი თქმით, საოჯახო ელექტროტექნიკა დააზიანა, პრობლემები შეუქმნა ტურისტულ სეზონს.
საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ პრობლემას ელექტრო ქსელზე კრიპტოვალუტის მოსაპოვებელი ტექნიკის დაერთება იწვევს. მათი მთავარი მოთხოვნა ე.წ. მაინერების ამოღება-გაჩერებაა.
ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურიც დაუწესონ, რაც, როგორც თვითონ ამბობენ, გაუსაძლის პირობებში ჩააყენებს მოსახლეობას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ხელისუფლება საქმის კურსშია და ყველაფერს აკეთებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სვანეთის ტერიტორიაზე, ხაიშის მიმდებარედ 2000 ცალი მაიერი ამოიღო „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და შსს-ს მესტიის პოლიციის სამმართველომ, რამაც 2.5 მეგავატი ელექტროენერგიის გამოთავისუფლება გამოწვია.
ამოღებულ უკანონო „მაინერებთან“ დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, პროცესი გრძელდება და ისინი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მესტიის მერის განცხადებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული, რომ სეზონი წარმატებული იყოს.
რაც შეეხება გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს, სვანეთში 90-იანი წლების შემდეგ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, არ იხდიან. მესტიის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეს თემა არ განიხილება.