მესტიის მერი - მინდა, დაგამშვიდოთ, რომ არც მანქანები და არც მოქალაქეები ზვავში მოყოლილი არ არიან
მესტიის მერი - მინდა, დაგამშვიდოთ, რომ არც მანქანები და არც მოქალაქეები ზვავში მოყოლილი არ არიან

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი უსაფრთხოების მიზნით დაკეტეს.

მისივე თქმით, გარკვეულ მონაკვეთებზე ზვავი იყო ჩამოსული. როგორც ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიმდინარეობს იმ ავტომობილების გამოყვანა, რომლებიც თოვლის გამო ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ.

როგორც მესტიის მერი აცხადებს, ზვავში არც მოქალაქეები და არც ავტომობილები არ არიან მოყოლილი.

წუხანდელიდან მოყოლებული გადაუღებლად თოვს. საგზაო ტექნიკა დილიდან მუშაობს, მაგრამ არსებობდა მონაკვეთები, სადაც პატარ-პატარა ზვავები იყო ჩამოსული. გაიწმინდა ტერიტორია. ამჟამად მიმდინარეობს ორ მონაკვეთზე მიკროავტობუსების გაყვანა, რომლებსაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ აქვთ. ტრაქტორი უკვე მისულია სოფელ ფართან და ამოიყვანენ გზიდან, რაც კი მანქანაა ადგილზე. ამაღამ ყველანი მივლენ ოჯახებში. დიდი ნაწილი უკვე სამშვიდობოს არის.

რაც შეეხება ხაიშამდე მისასვლელ გზას, აქ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის ზვავი იყო ჩამოსული. იქ დაახლოებით ოთხი-ხუთი მანქანაა, რომლებიც ხაიშამდე ამაღამ მივლენ. უკვე დავკეტეთ გზები. ზვავსაშიშროების გამო, რადგანაც ხილვადობა არ არის, ვერც ტრაქტორს გავუშვებთ იმ ადგილებში და გავაჩერეთ მოძრაობა. ხვალ დილიდან უკვე აღდგება მოძრაობა და მუშაობაც დაიწყება. პარალელურად, ორმაცამდე სოფელში დენი გაითიშა. დილიდან გამოვლენ ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

მინდა, დაგამშვიდოთ, რომ არც მანქანები და არც მოქალაქეები ზვავში მოყოლილი არ არიან“, – განაცხადა მესტიის მერმა.