მესტიის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბესარიონ ნიჟარაძის სახელის მინიჭებას ითხოვენ
მესტიის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბესარიონ ნიჟარაძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

პუბლიცისტის, მწიგნობრის, სვანეთის ისტორიის, ენისა და ეთნოგრაფიის მკვლევარის ბესარიონ ნიჟარაძის, „თავისუფალი სვანის“ შთამომავალი ლელა ნიჟარაძე მესტიის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვს. როგორც ლელა ნიჟარაძე აცხადებს, მან შესაბამისი თხოვნით მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას მიმართა, თუმცა ამ დრომდე, მას პასუხი არ მიუღია.

ბესარიონ ნიჟარაძე 1852 მესტიის რაიონში, სოფელ უშგულში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში (“შრომა”, “დროება”, “ივერია” და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში “ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები”, რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული “სვანური ზღაპრები” (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: “სვანეთის მანუკრისტები“(“ივერია”, 1903, N194), “სვანეთის ხელნაწერები”(“მოამბე”, 1904, N9, 10), “მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა“(“ძველი საქართველო”, ტ. II, ტფ., 1911-1913) და სხვ. 2007 წელს გამოიცა ბესარიონ ნიჟარაძის მიერ 1888 წელს შექმნილი ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონი. ივარაუდება, რომ ეს ლექსიკონი ილია ჭავჭავაძის დავალებითაა შედგენილი, რომელიც ქართველოლოგიური კვლევებისათვის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს. ლექსიკონი გამოსცა და წინასიტყვაობა დაურთო ლელა ნიჟარაძემ.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბესარიონ ნიჟარაძემ მესტიაში გაატარა. მისი ნეშტი, ანდერძისამებრ, დაკრძალულია უშგულის ლამარიას გალავანში.