მესტიაში სტიქიის არეალსა და მესტიაჭალის ხეობის პერიმეტრს „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლები და გეოლოგები შეისწავლიან
მესტიაში სტიქიის არეალსა და მესტიაჭალის ხეობის პერიმეტრს „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლები და გეოლოგები შეისწავლიან

დაბა მესტიაში სტიქიის არეალსა და მესტიაჭალის ხეობის პერიმეტრს კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლები და გეოლოგები შეისწავლიან, – ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

გუშინ დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა ტალღური წყალმოვარდნა. კომპანიის ინფორმაციით, წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურმესტიაჭალა 1“-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა, პირველი დარტყმა ჰესის წყალმიმღებმა და სადგურმა მიიღო და დამცავი ფუნქცია შეასრულა. დაიტბორა „მესტიაჭალა 1“-ის ტერიტორია.

„აღსანიშნავია, რომ წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა, სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურმესტიაჭალა 2“-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე დასახლებას სტიქია არ შეხებია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, კომპანიის ცნობით, ხეობაში ძლიერი წვიმა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ადიდებულმა მდინარემ კიდევ უფრო გაართულა ზოგადი ვითარება. კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ხეობის გასაწმენდად.

„ადგილზე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს „მესტიაჭალა 1“ ჰესის ტერიტორიის და ინფრასტრუქტურის პირველადი დათვალიერება. დღეს, სტიქიის არეალს და მესტიაჭალის ხეობის პერიმეტრს სვანეთი ჰიდროს წარმომადგენლები და გეოლოგები შეისწავლიან“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები  „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის ინფრასტრუქტურაზე დაიწყებენ გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას.