დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო ჰემოდიალიზის სერვისის გასაწევად შესაბამისი აპარატურით არის აღჭურვილი.
„ადგილზე პაციენტებს რუხის კლინიკის დიალიზის ცენტრის სპეციალისტები მოემსახურებიან, პარალელურად,თბილისში გადამზადებას გადიან ადგილობრივი კადრები – ორი ექიმი და ორი ექთანი, რის შემდეგაც ისინი დიალიზით მოსარგებლე პაციენტებს მესტიის საავადმყოფოში მოემსახურებიან.
სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დააანონსა.
„ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიის გარდა, სერვისი უახლოეს პერიოდში ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება. მისივე ინიციატივით, დიალიზის სერვისის გამართვის საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.