მესის მაისურების დაწვისკენ მოწოდების გამო, პალესტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი დასაჯეს
პალესტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტს ჯიბრილ რაჯუბს მუშაობა და ფიფა-ს ეგიდით გამართულ მატჩებზე დასწრება ერთი წლით აეკრძალა. მან ეს სასჯელი ფიფა-სგან იმის გამო მიიღო, რომ „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ლიდერის ლიონელ მესის მაისურების დაწვის მოწოდებით გამოდიოდა, – იტყობინება ფიფა-ს ოფიციალური გვერდი.
რაჯუბი ივნისის დასაწყისში გამოვიდა ამგვარი მოწოდებით, როცა არგენტინის ნაკრებს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. შეხვედრა 7 ივნისს, ჰაიფაში იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც, ის იერუსალიმში გადაიტანეს და ამან პალესტინური მხარის აღშფოთება გამოიწვია.
რაჯუბმა მატჩის იერუსალიმში ჩატარებას პალესტინელების მიმართ ისრაელის აგრესიის გამართლება უწოდა და გულშემატკივრებს მესის მაისურების დაწვისკენ მოუწოდა, თუ არგენტინელი მინდორზე გავიდოდა. საბოლოოდ, ისრაელისა და არგენტინის ამხანაგური მატჩი გაუქმდა.