მესი: ტყუილია, თითქოს მე ვწყვეტ ვინ უნდა ითამაშოს ნაკრებში
მესი: ტყუილია, თითქოს მე ვწყვეტ ვინ უნდა ითამაშოს ნაკრებში

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ რუსეთთან ამხანაგური მატჩის წინ, ინტერვიუ მისცა ტელეარხ TyC Sports-ს.

რთულ შესარჩევზე

– ყოველთვის მეგონა, რომ შევძლებდით ნებისმიერი სირთულიდან გამოძრომას. ამასთან, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვუგებდით ვენესუელას და პერუს, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. მაგრამ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ორივე მატჩს ფრედ ვითამაშებდით და ყველაფერი ბოლო ტურში, ეკვადორის დამარცხებაზე იქნებოდა დამოკიდებული. უდიდეს შრომად დაგვიჯდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვქონდა იქ არ გავსულიყავით.

ხორხე სამპაოლიზე

– სამპაოლი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ცხადად აქვს წარმოდგენილი, რა სურს საკუთარი გუნდებისგან. დიდ პატივისცემას იმსახურებს ის, თუ როგორ ცხოვრობს საკუთარი პროფესიით, როგორ ამზადებს მოთამაშეებს, როგორ იყურება მომავალში. ასე იყო ჩილეს ნაკრებში და “სევილიაში”. სწორედ ამას ველოდით მისგან.

ნაკრების კრიტიკაზე

– ყველას გულზე მოგვხვდა ის, რასაც ნაკრებზე მთელი ამ დროის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ამდენი წელი კრიტიკის შემდეგ, უკვე შევეჩვიეთ ყოველგვარ ველურობას და უკვე შეგვიძლია ამასთან გამკლავება. გუნდის შიგნით ძალიან მძიმე მომენტები გადავიტანეთ. წაგებული ფინალების გარდა, იყო ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ბევრი დარტყმაც. ყველა თანაგუნდელთან მქონდა საუბარი – ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და არგენტინის ნაკრების ღირსებას ვიცავთ. მომავალშიც ვეცდებით ერთმანეთს დავეხმაროთ მინდორზე და მის ფარგლებს გარეთ. იმედი მაქვს, შევძლებთ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგებას – თითოეულ ჩვენთაგანს ამის სურვილი აქვს. და თუ მოვიგებთ, გპირდებით, რომ ფეხით მივალ ჩემი სახლიდან აროიო-სეკო დო სან-ნიკოლასამდე (დაახლოებით 50 კილომეტრი).

კონკურენტებზე

– არ მინდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა. ის ძალიან მძიმე მეტოქეა, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი. კიდევ – ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი… ეს ის გუნდებია, რომლებმაც, ჯერჯერობით, საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.

საკუთარ მომავალზე

– მომავალში არ ვიყურები, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება ჩემს თავს ხვალ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ყოველი მომენტისგან სიამოვნებას ვიღებ, მიხარია, რომ ყოველ კვირას შემიძლია ფეხბურთის თამაში. როცა მოვა მომენტი, მივიღებ გადაწყვეტილებას – სად გავჩერდე და რა გავაკეთო მომავალში. მინდა ვითამაშო “ნიუელსში”, იქ დავასრულო კარიერა. არგენტინის ჩემპიონატში დაბრუნება – ეს ოცნებაა. მაგრამ, რეალობა ისეთია, რომ არასოდეს იცი, რა გელოდება ქუჩის კუთხეში.

ნაკრებში საკუთარ გავლენაზე

– ტყუილია ის, თითქოს მე ვწყვეტ ჩემი მეგობარი ფეხბურთელებიდან ვინ უნდა ითამაშოს ნაკრებში, ან ვინ უნდა გაწვრთნას გუნდი. მე არ მეხება ეს საკითხები, უბრალოდ, ჩემს სამუშაოს ვასრულებ მოედანზე. მეცინება, რადგან ეს სისულელეა. და მეორეს მხრივ, საწყენია, რადგან ლაპარაკია მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებზე – მასკერანოზე, დი მარიაზე, ბილიაზე… როცა ასეთ რამეს ლაპარაკობ, ეს ნიშნავს, რომ არ აფასებ ჩვენს დამსახურებებსა და საფეხბურთო თვისებებს. არავინ მოხვედრილა ნაკრებში ჩემი ინიციატივით. ამბობდნენ, რომ მე ნაკრებში იკარდის მიწვევის წინააღმდეგი ვიყავი. სისულელეა, მსგავსი ამბებით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული.