მეშვიდე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
მეშვიდე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის მეშვიდე კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მინისტრის 2018 წლის ბრძანების საფუძველზე მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა, მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე, ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი მეშივდე კლასისთვის, ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები. მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის – მხოლოდ მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოსთვის ოთხ თვეზე მეტი; გარდა ამისა, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდა საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას; ასევე ჩატარდა თემატური სემინარები-სამუშაო შეხვედრები, რაშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

უწყების ცნობით, გრიფირების პროცესში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა: პირველი ეტაპი გადალახა 73-მა განაცხადმა; ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა, ხოლო შინაარსობრივი ან ტექნიკური ხარვეზების განუხორციელებლობისა და კომისიისთვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა. ჯამში გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.

ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.

ამასთან, როგორც ირინა აბულაძემ აღნიშნა, 2018-2019 წლების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლინდა სახელმძღვანელოები, რომლებიც მიუახლოვდნენ ან გადალახეს მინიმალური ზღვარი, მაგრამ ტექნიკური თუ სხვა ხარვეზების არსებობის გამო გრიფი ვერ მიიღეს. თუმცა, იმისთვის, რომ აღნიშნული ინტელექტუალური რესურსი არ დაიკარგოს, უახლოეს პერიოდში სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს გამომცემლებთან და საავტორო ჯგუფებთან.