მერსი ტემბონი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესის კეთების სიმარტივის 2019 წლის ანგარიშში, საქართველო კვლავ დაწინაურდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
„ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის. გასული წლის რეიტინგში საქართველო იყო მე-9 ადგილზე და წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. იმედი გვაქვს, საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.
მისი განმარტებით, ბიზნესის კეთების ანგარიში აქცენტს იმ გამოწვევებზე აკეთებს, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოებში არსებობს.
„ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ქვეყნები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიშზე მომუშავე გუნდი ახდენს ქვეყნების ანალიზს ბიზნესის კეთების კუთხით, როგორ იწყება და რეგისტრირდება ბიზნესი, რამდენად მარტივია ქონების რეგისტრაცია, სესხის აღება, რამდენად დაცულია მინორიტარული აქციონერების უფლებები, რამდენად მარტივია გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და გაკოტრების პროცედურები. საქართველო ამ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი იმის მტკიცებულებაა, რომ პროგრესული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. უფრო კონკრეტულად ვიტყვი, რომ საქართველოში წელს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო დააწინაურებს საქართველოს პოზიციას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა,
მისი განმარტებით, საქართველოში უფრო მარტივი იქნება ბიზნესის დაწყება, რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები, საგადასახადო რეგისტრაციის, ლიცენზირების პროცედურები.
„ასევე გამარტივდა გადასახადების გადახდა, რამდენადაც საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, შემცირდა დეკლარაციების რაოდენობა დაა დეკლარირების ვადები. ამასთან ერთად, ელექტრონული გადახდები, სასამართლო სისტემაში საქმეების ავტომატური განაწილება, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი მივანიჭოთ; ვიფიქროთ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივია, ვიდრე წინა წლებში იყო“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, მეწარმეს არ სჭირდება სხვადასხვა ორგანოში სიარული სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და ბიზნესსუბიექტებს მარტივი პროცედურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ წარმატებული რეფორმების შედეგები და მოვუწოდო, ასე განაგრძოს მუშაობა და კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები მიიღოს მომდევნო წლებში“, – დასძინა მერსი ტემბონმა.
საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.