მერსი ტემბონი - რყევები, რომლებიც ლარის კურსთან დაკავშირებით ფიქსირდება, ჯანსაღი პროცესის ნაწილია
ლარის კურსთან დაკავშირებული რყევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.
„ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. რყევები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული.
ჩემი აზრით, გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, სწორია. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს და სიმტკიცეს“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.