მერსი ტემბონი - Doing Business-ის რეიტინგი მსოფლიოს ეუბნება, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია და ყველა ინვესტიცია დაცულია
მერსი ტემბონი - Doing Business-ის რეიტინგი მსოფლიოს ეუბნება, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია და ყველა ინვესტიცია დაცულია

Doing Business ეს არის რეიტინგი, რომელიც მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო და ქართველ ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსიტემბონმა განუცხადა.

მისი თქმით, რეიტინგი ინვესტორებს აწვდის ინფორმაციას, რომ საქართველოში პროცედურები არის მარტივი, დაცულია ყველა ინვესტიცია, ბიზნესის შექმნა ძალიან მოკლე ხანში ხდება, დაცულია მათი უფლებები.

„ინვესტორები ჩამოვლენ საქართველოში განახორციელებენ კაპიტალდაბანდებას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. ამას თავისი თანმხლები პოზიტიური ეფექტიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტურიზმი იზრდება. როცა ქვეყანა არის სანდო, მარტივი ბიზნესის კეთების კუთხით, უსაფრთხო, დაცულია ქონებრივი და ბიზნესის უფლებები, ტურისტებიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება“, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

მისი შეფასებით, აღნიშნული დადებითად აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„ამ რეიტინგით ჩვენ მსოფლიოს ვეუბნებით, ეს არის საერთაშორისო გზავნილი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში სანდოა ბიზნესის კეთება და მარტივია“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა.